პრეზიდენტი - დღეს საქართველოსთვის გზაჯვარედინია, ძალიან მნიშვნელოვანი დღე!

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ დასკვნით ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში ქართული საზოგადოების ერთობის როლზე და იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ისაუბრა, რომელიც  ჩვენი ქვეყნისათვის 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება.

,,მივესალმები ყველას, 

დიპლომატიურ კორპუსს, 

პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ საზოგადოებას!

დღეს ჩვენ არაორდინალურ ფორმატში ვიკრიბებით. ეს ერთდროულად არის დიპლომატიური კორპუსისათვის ტრადიციული წინასაახალწლო ღონისძიება და ასევე 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების იმ ევროპული კამპანიის დასრულებაც, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ჩართულობას და 15 დეკემბრამდე მობილიზებულად მისვლას. მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ხმას კიდევ ერთხელ ხმამაღლა მიეღწი ევროპამდე და ეს არ უნდა ყოფილიყო არც მხოლოდ პრეზიდენტის და არც რომელიმე ცალკეული ჯგუფის ხმა. მე დავიწყე ეს ინიციატივა, ჩვენ ყველამ ერთად გავაგრძელეთ ის. ამ პროცესში იყო ბევრი სხვადასხვა ინიციატივაც. 

ამ კამპანიის ფარგლებში, სასახლეში შეიკრიბა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, პარალელურად კი ყველამ თავისი ძალებით განახორციელა სხვადასხვა ინიციატივა - ჩემ ზემოთ ის დიდი ნახატია, რომელიც მხატვრების ერთობლივ წამოწყებას წარმოადგენს, ასევე ვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაც, მათ უზარმაზარი დროშა გაშალეს, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველი და მივიდა ევროპის მოედნამდე, სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში. ეს კი, 15 დეკემბერს გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი  და ამ ბოლო ეტაპის საწყისი იქნება. ეს გზაჯვარედინია. ამ დრომდე საქართველომ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა. ეს გზა არც გუშინ დაწყებულა, არც 8 ნოემბერს და არც წინა წელს, როცა მოგვცეს პერსპექტივა. საქართველოსათვის პერსპექტივის მინიჭებით დასრულდა ის დისკუსიები, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე,  უშლიდა, თუ არ უშლიდა ეს ხელს ჩვენს ევროპულობას.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, რომელიც სხვათა შორის ზურა ჟვანიას ცნობილი სიტყვებით დაიწყო. მისი ,,მწვანეთა მოძრაობა“ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობა და ერთ-ერთი პოლიტიკური მიმართულებაა ევროპისათვის, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო მეტადაა გასააქტიურებელი საქართველოში.

ჩვენ ამ წელს გავიარეთ შოვისა და გურიის ტრაგედიები და ყველა სხვა მეზობელ, თუ შორეულ ქვეყნებში ასეთი ტრაგედიები ძალიან გახშირებულია. ეს არის საკითხები, რომლებიც ყველას გვეხება. მე მგონი, ევროპულობა სწორედ ისაა, რომ ამ საკითხებს მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ და მეტი ყურადღება დავუთმოთ. რაც უნდა პატარა ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ  ჩვენი ბიომრავალფეროვნება.

საქართველოს ევროპული გზა პირველი რესპუბლიკიდან და დამოუკიდებლობიდან დაიწყო, დაიწყო იმ მოძრაობიდან, რომელსაც ეროვნული მოძრაობა ერქვა. იქ, სადაც ვართ წარმოუდგენელია არ გვყავდეს ის ნამდვილი პარტნიორები, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი და უალტერნატივო გზაა. 

რას ნიშნავს ეს ევროპული გზა? პირველ რიგში, ეს ნებაყოფლობითი გზაა ევროპისკენ და შემდგომ გაწევრიანებისკენ. არავინ, არცერთი ქვეყანა, რომელიც დღესაა გაერთიანებული ამ პოლიტიკურ კავშირში ძალით არ შესულა. ჩვენ გვახსოვს ძალადობით შექმნილი სხვა ორგანიზაციები და ვითომცდა გაერთიანებები. აქ ყველაზე პირველი და მთავარი ნებაა და ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატოს და ეს ნება უკვე გამოხატულია არაერთ გამოკითხვაში, რომლის შედეგების მიხედვით, მყარად ევროპული გზის მომხრეთა რაოდენობა 80% -ის ირგვლივ მერყეობს. ამას სიმბოლურად ასახავს ჩვენ მიერ შეგროვებული ხელმოწერებიც, რომელსაც დღეს ევროკავშირის ელჩს გადავცემ. სასახლის ეზოში მოწყობილ პროექციაზე ნახავდით იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას ან ინტერნეტით, ან ფიზიკურად. 

ეს ძალიან პატარა ნაწილია იმ განწყობისა, რაც დღეს საქართველოში ამ დიდი მიზნის მიმართ არსებობს. ესაა თავისუფლება, რომელიც ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის ღირსების დაცვაა: ჩვენთვის ეს თამაზ გინტურსა და თემურ კარბაიას ნიშნავს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანის უფლებები პირველ ადგილზეა ასეთი სასტიკი მოვლენები მოხდეს.

ჩვენი ევროპული გზა ის არის, რომ ჩვენ ევროპაში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად უნდა შევიდეთ. იქ, მათ გარეშე საქართველოს შესვლა არც სამართლიანი და არც სწორი არ იქნება. ჩვენი მომავალი, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ დღეს: ოკუპირებულ აფხაზეთში თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის თავისუფლება და მათი იდენტობის დაცვა. არ შეიძლება რუსეთმა მათ მიწები წაართვას, არ შეიძლება რუსეთმა ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე. შავი ზღვა დასაცავია, რათა ჩვენი მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი იყოს დაცული. ევროკავშირთან ჩვენი ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოკიდებულია მშვიდობიან და უსაფრთხო შავ ზღვაზე. 

მშვიდობა ვახსენე, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და ეს არის ის, რატომაც გვინდა ევროპა. მშვიდობა ევროკავშირის საწყისშია ჩადებული, ეს გაერთიანება შეიქმნა იმისათვის, რომ ომი აღარასოდეს ყოფილიყო, და რეალურად, ეს დაპირება მართლაც შესრულდა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში, არცერთ ევროპულ ქვეყანას შორის არცერთი ომი არ ყოფილა.

ეს არ იყო ადვილი, რადგან ამ ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი დაპირისპირება და კონფლიქტი არსებობდა, მაგრამ შესრულებადია და თუ შესრულებადია, ჩვენც გვინდა ვიყოთ იმ სივრცის ნაწილი, რომელიც იცავს არამხოლოდ ადამიანებს და მათ ღირსებას, არამედ იცავს მშვიდობას, რომელიც განუყოფელია თავისუფლებისგან, იცავს იდენტობას და კულტურას. 

დღეს მსოფლიოში არ არსებობს სხვა სივრცე, სადაც ამდენი სხვადასხვა მრავალფეროვანი ქვეყნის იდენტობა, ენა და კულტურა იყოს ამ დონეზე დაცული. ჩვენ ამ მხრივ, უკვე შესული ვართ ევროპაში: ფრანკფურტი, ევროპალია, ბაზელი, ფიროსმანი ევროპაში, ქართული საგალობლების კონცერტი ვატიკანში - ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ევროპაში არა იდენტობადაკარგული, არამედ ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობითა და ჩვენი ღირებულებებით. სწორედ ამის გამო გვინდა ევროპა. 

ჩვენ ველოდებით 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვა არსებობს. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე ცდილობს აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვისაც ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მართლაც შევა ევროპულ ოჯახში, ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა და ამიტომ არის ის გუშინდელი და დღევანდელი მცდელობები. იმედი მაქვს, რომ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს და გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისა და უკრაინისთვისაც, რადგან ნებისმიერი უკუსვლა- ერთი ნაბიჯი უკან, რუსეთისთვის ერთი ნაბიჯით წინსვლას ნიშნავს!

ეს არის ის გზავნილი, რომელიც მინდა დღეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ  მეგობრებამდე მივიდეს, რადგან ამ დღეებში, უკრაინის ომის მიმართ მათი გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული გზავნილი იქნება. ჩვენ - არცერთს არ გვაქვს უფლება, დღეს რაიმე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ, დღეს საქართველოსთვის გზაჯვარედინია, ძალიან მნიშვნელოვანი დღე! ისევე როგორც 8 ნოემბერს, ორ დღეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ. ვიცით, რომ 15 დეკემბერს არაფერი მთავრდება, 15 დეკემბრის შემდეგ ჩვენ ორმაგად ვალდებული ვიქნებით ეს გზა ყველამ ერთად განვაგრძოთ, ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ყველა ერთად ვართ. ჩვენ ყველას ერთად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დღეს, როგორც არასოდეს, ჩანს, რომ ძალა ერთობაშია: თუ ჩვენ შიგნით დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს, ვერაფერს მივაღწევთ. არ მიყვარს მხოლოდ დეპოლარიზაციაზე საუბარი, როცა ჩვენივე გერბზე წერია ჩვენი პრინციპი - ყველაზე ძლიერი - ერთობა. ყველაფერში ვერ ვიქნებით ერთიანი, მაგრამ საარჩევნო წელი იწყება, იქნება ბევრი პოლიტიკური დავა, ზოგჯერ მწვავე, მაგრამ ამ გზაზე უნდა იყოს ერთობა და ეს 15 დეკემბერს დაიწყება. იმისთვის რომ ამ გზის ბოლოში გავიდეთ, მომავალ წელს ჩვენც უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, (რომლებსაც იმედი მაქვს,  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გაუხსნიან), ამისთვის გვაქვს სამოქმედო გეგმა და ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ერთიანები. დანარჩენი პოლიტიკური დისკუსიები უნდა იყოს, რადგან დემოკრატია ამის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ არ ვამზადებთ რაღაც ერთპარტიულ და ერთ იდეოლოგიაზე დაყრდნობილ ქვეყანას, არამედ ვამზადებთ თავისუფალ, მრავალპარტიულ ქვეყანას, რომელშიც დისკუსიები და იდეების შეჯერება იქნება აუცილებელიც და ძალიან გამამდიდრებელიც იქნება, ამიტომ ამ წელიწადს ჩვენ კიდევ უფრო დაგვჭირდება თქვენი დახმარება. 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც გვეხმარება, რომ ერთად გავიაზროთ ის, რაც გასაკეთებელია, სადაც საჭიროა თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ და სადაც არ იქნება საჭირო გითხრათ, რომ ეს არ ჯდება ჩვენს ხედვაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა გვქონდეს ხედვა, გვქონდეს გზა და მყარად ვიაროთ ამ გზაზე. ამიტომ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ  და ასვე მინდა  მადლობა ვუთხრა პოლიტიკურ ძალებს პოზიციასა თუ ოპოზიციაში, აქ მოსულებსა თუ არმოსულებს, ყველას, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც აქვს შეტანილი ამ ევროპულ პროცესში. მადლობა ყველას! ეს მადლობა, საქართველოს საზოგადოების მადლობაა და მას ყველა ვიზიარებთ. არავის ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას!

ძალიან დიდი მადლობა!

ახლა მინდა მოვიწვიო ევროკავშირის წარმომადგენელი რათა სიმბოლურად გადავცე ხელმოწერები.