პრეზიდენტი - მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა!

პრეზიდენტი - მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა! 

გილოცავთ! თქვენ პირველ რიგში ჟურნალისტებს და არ მინდოდა ამ მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი და ჩემთან ერთად არიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ ძალიან დიდ მოლოდინში. მინდა მოვულოცო სრულიად საქართველოს! ვიცი, დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია რადგან, ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯი.

ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, შარლ მიშელს, პირადადაც ვუთხარი უკვე, დამირეკა და ვისაუბრეთ. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელ დღეში, როცა ეს ძალიან რთული ვითარება შეიქმნა ევროკავშირში და არავინ იცოდა როგორ გადაწყდებოდა. მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და ეს ძალისხმევა არამხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ მთელ ამ პერიოდში ჩვენ შარლ მიშელის სახით საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი ჰყავდა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, თქვენი სახელით პირადად ვუთხარი და მეც მინდა დღეს აქ საჯაროდ ვუთხრა მადლობა ამისთვის.

მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა! ეს ყველას ერთობლივი მიღწევაა. მხოლოდ სიტყვები არ არის ეს - ყველა ერთსულოვანი ვიყოთ. ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთიანობა ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდით - ვერც დამოუკიდებლობას, ვერც კანდიდატის სტატუსს და ხვალ ვერც ევროკავშირში გაწევრიანებას. 

ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება. ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე. ერთობა მართლაც ჩვენი უდიდესი ძალაა, სხვა უფრო დიდი ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს უდიდესი ძალაა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს. ადრე ვერავინ იტყოდა, რომ ჩვენ ამას ასე მალე მივაღწევდით. ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად და სწრაფად და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და უნდა დავაფასოთ და შემდეგ ბოლომდე გავატაროთ ცხოვრებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას.

მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს. ამ წუთებში ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურებაა, რადგან ეს აჩქარებული პროცესი და ის, რაც დღეს ხდებოდა ბრიუსელში არ იქნებოდა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა და თავდადების გარეშე და თუ არა ეს ორ წლიანი უსასტიკესი ომი.  ჩვენ, როგორც ქართველებს (თუ ვიცით რას ნიშნავს ქართველობა) გვევალება, რომ ამისთვის დიდი მადლიერება გამოვხატოთ. 

მინდა მოვულოცო ასევე, მაია სანდუს. უძლიერესი ქალი დღევანდელ დღეს, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს, მაგრამ შეეძლო და მისი ქვეყანა მიიყვანა, იქამდე, სადამდეც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა და მან გაუძლო! 

ამ დიდ, ისტორიულ პერიოდში, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო მაგალითია - რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ევროპისთვის ბრძოლა, ღირებულებებისთვის ბრძოლა, (რაც ევროპასთან საერთო ღირებულებებია) და ამის ერთგულება. 

და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვზეიმობთ დღეს და მე მინდა რომ შევუერთდე ხვალ...  მგონი პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ სახალხო იქნება, ყველას საერთო ზეიმი - მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი. მე მზადა ვარ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ კარგი, თუ არა - ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას!